თეგი: დასავლეთ ბალკანეთი

ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია - ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაცია

ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, როდესაც რუსეთი ამძაფრებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისი ჩანაწერი ხელმისაწვდომია ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 6 დეკემბერს გამოქვეყნდა. მისივე თანახმად, მომავლის საერთო ხედვა მოიცავს ორმხრივ პასუხისმგებლობას და საერთო ღირებულებებს. პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისას, მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ სწრაფ და მდგრად პროგრესს, სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და იმოქმედონ შესაბამისად, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან მიმართებით. ჩვენ მივესალმებით იმ დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ვალდებულებას ამ კუთხით და მოვუწოდებთ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში. ამავე სამიტიდან გაეცანით ოლაფ შოლცი: კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. „ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის,“ – განაცხადა ლაიენმა.  

საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები იმართება

3 ოქტომბერს თბილისში იმართება ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის) საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის. საქართველოს მხრიდან ერთობლივ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია მასპინძლობს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. კონსულტაციების მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინირება და ერთიანი დღის წესრიგის შექმნა საერთო ინტერესის საკითხთა ირგვლივ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელმაც მეტი დატვირთვა შეიძინა მას შემდეგ, რაც მოხდა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭება და, აღნიშნული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოს გადანაცვლება გაფართოების პაკეტში. გარდა მთავარი დღის წესრიგისა, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ მათი ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღებულ გამოცდილებას და უპასუხებენ სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს. ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის პირველად ქ. თბილისში 2022 წლის 15-16 დეკემბერს გაიმართა.  

აშშ-მ დასავლეთ ბალკანეთში, რუსეთთან კავშირში მყოფ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ დასავლეთ ბალკანეთში რუსეთის გავლენის შეზღუდვის მიზნით, სანქციებს აწესებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეერთებული შტატები რუსეთთან კავშირში მყოფ და კორუფციაში ჩართულ ორ ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს ასახელებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეგიონში რუსეთის მავნე გავლენასთან და კორუფციასთან, რომელიც ამ გავლენის მოხდენის საშუალებას იძლევა. სახელმწიფო დეპარტამენტი სერბ პოლიტიკოსს, მისა ვაჩიჩს ასახელებს და ამბობს, რომ ის 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ ორგანიზებულ უკანონო ანექსიის რეფერენდუმებში მონაწილეობდა. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს სერბეთის მთავრობის ყოფილ წარმომადგენელს ნენად პოპოვიჩს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. აშშ-ის შეფასებით, პოპოვიჩი ამ დრომდე ინარჩუნებს კრემლთან მჭიდრო კავშირებს და თავის ქსელს კორუფციული სქემებისთვის პირადი სიმდიდრის შესაქმნელად იყენებს.  პარალელურად, სახაზინო დეპარტამნეტი სანქციებს უწესებს რვა ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისინი "პირდაპირ ხელს უწყობენ რუსეთის გავლენას ან მათი კორუფციული საქმიანობა რუსეთის გავლენით მიმდინარეობს." ამასთან, ხსენებული პირები კრიტიკულ რეფორმებსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პროგრესს აფერხებენ.